პოლიტიკისა და აზალგაზრდობისათვის

ანტონიო მაჩადოmachado

.  პოლიტიკა, ბატონებო, ადამიანთა მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი სფეროა, მაგრამ, სულაც არ გირჩევთ აპოლიტიკურები იყავით -მეთქი ; პირიქით, მე იმის თქმა მინდა, რომ გძულდეთ მოუქნელი პოლიტიკა, რასაც მომხვეჭელები და კარიერისტები ეწევიან და რომელთაც სხვა მიზანი არ გააჩნიათ, გარდა პირადი კეთილდღეობისა, გამდიდრებისა და თავიანთი მოკეთეების თბილ ადგილზე მოყუჩებისა. თქვენი ვალია თავად განაგოთ პოლიტიკა, რაც უნდა გიკიჟინონ მათ, ვინც თავად ეპოტინება მას და, რაღა თქმა უნდა, თქვენსავე საწინაამღდეგოდ. ამიტომ ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ, თუკი  მაინც მიჰყვებით პოლიტიკას, პირნათლად მაინც მიჰყევით, უარეს შემთხვევაში პოლიტიკური ნიღაბით და არამც და არამც ლიტერატორის, ფილოსოფოსის, თუნდაც რელიგიის ნიღაბს ამოფარებულები, რადგან მაშინ ბევრ სასიკეთო სფეროს გადაგვარებას შეუწყობთ ხელს, პოლიტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ და თქვენდაუნებურად ისე აამღრევთ ვითარებას, რომ ერთმანეთსაც ვეღარაფერს გაუგებთ.

.  მათ კი, ვინც ახალგაზრდობის გამო გისაყვედურებთ, შეგიძლიათ თამამად უპასუხოთ, პოლიტიკა მარტო ბებრების წილხვედრი არ არის -თქო. ჩვენ ისეთი პოლიტიკური მოძრაობებიც ვიცით, ახალგაზრდობის სამართლიან ამბოხში რომ იღებს სათავეს ქვეყნის თვითმარქვია და უნიათო მამების წინაამღდეგ. ასეთი პოლიტიკა, თუკი მასში მარტო ახალგაზრდული ჩოჩქოლის მეტს ვერაფერს დავინახავთ, რაც ისევ ახალგაზრდობას დაბრალდება, ეგებ მეტისმეტადაც რევოლუციონერიც კი მოგეჩვენოს, მაგრამ თავის საფუძველში მაინც კონსერვატიული იქნება. ამ დროს დედებმაც კი შეიძლება გასწავლონ ჭკუა, – ანდა დედებზე მეტი კონსერვატორები გეგულებათ ვინმე ?- ,,შვილო, თუ შენ არ ჩასჭიდე ხელი საჭეს, მამაშენი ისევ მიგვაქანებს, ვაითუ გზას აგვაცდინოს და ხრამშიც კი გადაგვჩეხოს. ”

 

 

Leave a comment